თავი დააღწიე “დეფოლტებს”
რათა გაიუმჯობესო შენი ციფრული კეთილდღეობა
გადმოიწერე და დაბეჭდე მასალები. უკუკავშირის გასაზიარებლად ან აქტივობების ინსპირაციისთვის დაგვიკავშირდით, datadetox@tacticaltech.org!
გახსენდება, ბოლოს როდის გამოეთიშე ციფრულ სამყაროს და ტექნოლოგია ერთი დღით გვერდით გადადე? მთელი დღით თუ არა, იქნებ ერთი საათით მაინც?
თუ გამუდმებით ონლაინ ატარებ ცხოვრებას, მარტო არ ხარ. საშუალოდ, დღეში ტელეფონის ეკრანს 2600-ჯერ ვეხებით (წყარო)
მოდი, ჯერ იმას გეტყვი, რომ ტექნოლოგიისკენ დაუძლეველი მიზიდულობა შენი ბრალი სულაც არაა. გინდ დაიჯერე, გინდ - არა – შენი საყვარელი აპლიკაციებისა და ვებგვერდების დიზაინი ისეა ოპტიმიზებული, რომ თითოეულმა დეტალმა, ფერმა თუ ხმამ ჩაგითრიოს და ყოველ ჯერზე მეტი და მეტი მოგანდომოს.
ამასთანავე, აპლიკაციების და ვებსაიტების დიზაინი შენ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს. ღილაკები "თანხმობაზე" დაჭერისკენ გიბიძგებენ, ხოლო ტექსტები განსაკუთრებით დამაჯერებლადაა დაწერილი. მედიაც უკვე მიმართავს დიზაინერულ ხრიკებს - ავტორები ყურადღების მიპყრობას სენსაციური სათაურებით ცდილობენ.
გინდა, იპოვო ოქროს შუალედი ქსელში და ქსელს მიღმა ცხოვრებას შორის? მონაცემთა დეტოქსის ეს ნაწილი ზუსტად ამაში დაგეხმარება.
აქ გაიგებ, თუ როგორ უნდა გაიკვლიო გზა "ხმაურში" და დარწმუნდე, რომ მოწყობილობები შენს ცხოვრებას აუმჯობესებენ. არ არსებობს "სწორი" პასუხი კითხვაზე, თუ რა დრო უნდა გაატარო მოწყობილობებთან. მთავარია, თავიდანვე კომფორტულად იგრძნო თავი, შემდეგ კი ისე გააგრძელო დეტოქსი, როგორც საჭიროდ მიიჩნევ.
მოდი, საქმეს შევუდგეთ!
1. რეალობას არ მოსწყდე
ეს რჩევა იმაზე რთულია, ვიდრე ჟღერს და ყოველდღიური ვარჯიში სჭირდება. წარმოიდგინე, კუნთია, რომელსაც მუდმივი წვრთნა სჭირდება, რათა დროთა განმავლობაში გაძლიერდეს. უპირველეს ყოვლისა, გამოიძიე შენი ურთიერთობა ტექნოლოგიებთან.
დღეში რა დროს ატარებ ტელეფონში?
თუ პასუხი არ მოგწონს, არსებობს პარამეტრები და სტრატეგიები, რომელთა დახმარებითაც ისევ მოიპოვებ მოწყობილობებზე კონტროლს.
თუ შენი მიზანია, რომ ფეისბუკზე, ინსტაგრამსა თუ სნეპჩატზე ნაკლები დრო გაატარო, ამ აპლიკაციების პარამეტრები ისე შეცვალე, რომ შენს სურვილებს უკეთ მოერგოს. ზოგიერთ აპლიკაციას დღიური ლიმიტის შეტყობინებებიც კი აქვს.
Instagram:
- პროფილი →
- მენიუ →
- პარამეტრები →
- ანგარიში →
- შენი აქტივობა →
- გაიაქტიურე დღიური ლიმიტი
თუ ამჩნევ, რომ შეტყობინებების ზარი თუ ვიბრაცია ადამიანებთან საუბარში ხელს გიშლის, დროებით ხმა გამოურთე, გვერდით გადადე ანდაც ჯიბეში ან ჩანთაში შეინახე, რომ თვალთახედვის არეალიდან მოიშორო.
გარდა ამისა, არსებობს აპლიკაციები, რომლებიც მოწყობილობის დღიური მოხმარების კონტროლში დაგეხმარებიან: რა სიხშირით ამოწმებ ტელეფონს და რა პარამეტრებით შეგიძლია ციფრული ცხოვრების გაუმჯობესება: Google's Digital Wellbeing და iOS update.
მეტი რჩევისთვის, გაეცანი სტატიას: “არ მოსწყდე რეალობას (შენს ტელეფონთან ერთადაც კი)”.
2. შეამჩნიე ხრიკები დიზაინში
“მუქი ნიმუშები” ინტერფეისის დიზაინის ხრიკია, რომელიც ფსიქოლოგიით აიხსნება და გამოიყენება იმისთვის, რომ რეგისტრაციისკენ, ყიდვისკენ ან ზედმეტი პერსონალური ინფორმაციის გაცემისკენ გიბიძგოს.
ასეთი ხრიკი შეიძლება იყოს გარკვეული ფერი, ღილაკების განლაგება, ბუნდოვანი ტექსტი ან არასრული ინფორმაცია. ზოგიერთი ხრიკი მარტივად აღმოსაჩენია, თუმცა დიდი ნაწილის შემჩნევა მაინც რთულია. ონლაინ შოპინგის ან გამოწერის დროს შეიძლება, შეგიმჩნევია კიდეც ის დეტალები, რომლებიც ჩამოვთვალეთ.
დიზაინის მსგავსი ნიმუშები ყველგან არ იქნებოდა, შედეგი რომ არ მოჰქონდეთ - ისინი გვიბიძგებენ, რომ დავაკლიკოთ, გამოვიწეროთ ან უფრო ხშირად ვიყიდოთ რამე პროდუქტი. რაც უფრო მეტი იცი ამ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველი შეხსენებებისა და მანიპულაციების შესახებ, მით უფრო გამჭრიახი და ინფორმირებული გახდები სხვადასხვა ვებგვერდის გამოყენებისას.
გაგაცნობ რამდენიმე დეტალს, რომლითაც შეძლებ, რომ აპლიკაციების ხრიკებს აჯობო.
შეამჩნიე, როცა გიბიძგებენ: პირველი ნაბიჯი მარტივია - შეიტყვე ამ ხრიკების შესახებ სტატიაში და გამოიწერე, რათა არ ჩამორჩე სიახლეებს.
“დაასკრინშოტე” და გააზიარე: გადაუღე ეკრანს სურათი და მეგობრებსაც გაუზიარე, როცა ონლაინ რაიმე ხრიკს გადააწყდები (რა თქმა უნდა, პერსონალური დეტალები დამალე - უსაფრთხოება უმთავრესია!). შეგიძლია, კომპანიებსაც სთხოვო, რომ ინტერფეისის დიზაინი შეცვალონ.
სიმშვიდე შეინარჩუნე: თუ ონლაინ მაღაზიაში წამზომს გადააწყდები, დაფიქრდი, ნამდვილად ასეთი საჩქარო თუა რამის ყიდვა. თუ აღმოაჩენ, რომ ღილაკზე შენი სურვილის საწინააღმდეგოდ აკლიკებ, ჯერ ტექსტსა და გამოყენებულ ფერებსაც დააკვირდი. თუ ტექსტის კითხვისას დაიბენი, პირდაპირ არ გადაწყვიტო, რომ შენი ბრალია - შეიძლება, ვებგვერდის ან აპლიკაციის ტერმინოლოგია ბუნდოვანი გამიზნულადაა.
თუ გაინტერესებს, როგორ გამოიყურება “მუქი ნიმუშები” და მეთოდები, რომ მათი ამოცნობა შეძლო, გაეცანი სტატიას: “ინტერნეტმა გამაკეთებინა - მიაკვლიე ნათელს წერტილს დამაბნეველ დიზაინებში”.
3. შეინარჩუნე მედია-გამჭრიახობა
თუ შეგიძლია, რომ დიზაინის ხრიკები აღმოაჩინო, შეცდომაში შემყვანი პოსტების შემჩნევასაც მარტივად გაართმევ თავს.
დარწმუნებული ვარ, გსმენია ისეთი ტერმინები, როგორებიცაა “მისინფორმაცია” და “ფეიკ ნიუსი”. თუ დააფიქსირებ, რომ ამბავი განსაკუთრებით გასაკვირია, აღმაშფოთებელია ან ჩვეულებრივზე უფრო კარგად ჟღერს, ჯერ კრიტიკულად დაფიქრდი - მისინფორმაცია არ აღმოჩნდეს.
სანამ ოჯახის წევრებს ან მეგობრებს რამე ამბავს გაუზიარებ, გადაამოწმე:
- რომელ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული?
- ვინ (და როდის) დაწერა?
- სტატიაში რა წერია?
- რა წყაროებს ეფუძნება ამბავი?
თუ მისინფორმაციას მიაკვლევ და გსურს, რომ გავრცელებას ხელი შეუშალო, თითქმის ყველა პლატფორმას აქვს პოსტის გასაჩივრების ფუნქცია. შემდეგ კი იმაზეც დაფიქრდი, ღირს თუ არა, რომ მისინფორმაციული სტატიის გამომქვეყნებელი ანგარიში გამოწერილი გქონდეს.
თუ გინდა, რომ მისინფორმაციის შემჩნევა გაგიმარტივდეს, ესტუმრე სტატიას: “აანთე შუქი - მიაკვლიე სიმართლეს ინტერნეტში”.
4. ხმა მიაწვდინე
თუ არ მოგწონს ვებგვერდების ჩამთრევი და დამარწმუნებელი დიზაინი ან თუნდაც მისინფორმაცია, შეგიძლია, მეილები დაგზავნო, ტვიტები გამოაქვეყნო და კომპანიებს ხმა მიაწვდინო შენი უკმაყოფილების შესახებ. როცა კომპანიებს მათი ყველაზე ღირებული “აქტივები” - მომხმარებლები აიძულებენ, რომ სხვადასხვა საკითხთან მიდგომა შეცვალონ, უფრო დიდია ალბათობა, რომ მართლაც მოიქცნენ ასე.
თუ მიგაჩნია, რომ შენს უკუკავშირს გამოხმაურება არ მოჰყვება, ერთ ეფექტიან საშუალებას გასწავლი: სხვა ვებგვერდი ან აპლიკაცია გამოიყენე. თუ გარკვეული ონლაინ სერვისით უკმაყოფილებას სიტყვიერად გამოხატავ, ხოლო შემდეგ მის გამოყენებას საერთოდ წყვეტ - საკმარისი რაოდენობის მომხმარებლებიც რომ აგყვნენ, ეს უკვე აღარ გამორჩება კომპანიას.
თუ გინდა, რომ დიზაინის ხრიკების შემჩნევა გაგიმარტივდეს, გაეცანი სტატიას: “ინტერნეტმა გამაკეთებინა - მიაკვლიე ნათელს წერტილს დამაბნეველ დიზაინებში”.
5. ხმა გაავრცელე
ეს რჩევა მარტივად დასამახსოვრებელი არაა, თუმცა დიდი მასშტაბის შედეგების მოტანა შეუძლია. მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და თანამშრომლებსაც გააგებინე, რამე საეჭვოს თუ შეამჩნევ და სთხოვე, დეტოქსში შემოგიერთდნენ.
ციფრული ჩვევების კონტროლი არავისთვისაა მარტივი. თუმცა მნიშვნელოვანია, იპოვო სამოქმედო გზა, რომელიც შენს საჭიროებებსაა მორგებული. ექსპერიმენტებს არ მოერიდო - ხშირ-ხშირად შეცვალე ჩვევები, სანამ საშენო მეთოდს მიაგნებ. არ არსებობს ერთი, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველას მოერგება.
დაბოლოს, შენი გადაწყვეტილებები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გარშემომყოფებსაც გაუზიარე. მაგალითად, თუ აპირებ, რომ საღამოს 8 საათის შემდეგ სასაუბრო აპლიკაციების გამოყენება შეწყვიტო ეკრანთან გატარებული დროის შესამცირებლად, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სთხოვე, რომ, მოწერის ნაცვლად, დაგირეკონ.
დასვი კითხვები, არ მოსწყდე დიალოგს და ონლაინ ცხოვრების დაბალანსებაც არ გაგიჭირდება.
თუ ეს რჩევები გამოგადგა და თავს უფრო მშვიდად გრძნობ, გაეცანი სტატიას: “სასარგებლო რჩევები სმარტფონის ჭკვიანურად გამოყენებისთვის”.