გააკონტროლე შენი სმარტფონის მონაცემები
რათა თავი დაიცვა ონლაინ სამყაროში
გადმოიწერე და დაბეჭდე მასალები. უკუკავშირის გასაზიარებლად ან აქტივობების ინსპირაციისთვის დაგვიკავშირდით, datadetox@tacticaltech.org!
ერთი შეხედვით, შეიძლება სულაც არ მოგეჩვენოს, რომ შენი მონაცემების გასაჯაროება რამე პრობლემას შეგიქმნის: წესით, არც არავის ადარდებს, თუ ქანთრი მუსიკას უსმენ, იმაზე ხშირად ყიდულობ ფეხსაცმელებს, ვიდრე გჭირდება ან შვებულების დაგეგმვას ერთი წლით ადრე იწყებ.
თუმცა პრობლემა ისაა, თუ ვის ხელში აღმოჩნდება ხოლმე ეს ინფორმაცია და რა მიზნით მუშავდება. დროთა განმავლობაში მონაცემები გროვდება და შენზე პირადული ციფრული დეტალების გარკვევა ხდება შესაძლებელი: ჩვევებზე, გადაადგილებაზე, ურთიერთობებზე, აზრებსა და საიდუმლოებზე იგებენ ბიზნესები და მონაცემთა ბროკერები, რომლებიც ამ ინფორმაციას აანალიზებენ და შემდეგ კომერციულ მოგებას იღებენ.
მონაცემთა დეტოქსის ეს ნაწილი საშუალებას მოგცემს, თვალი შეავლო ციფრული ინფორმაციის შეგროვების პრაქტიკას და შესაბამისი ზომებიც მიიღო, რომ საკუთარი თავი დაიცვა ინტერნეტსამყაროში.
მოდი, საქმეს შევუდგეთ!
1. შეცვალე შენი მოწყობილობის სახელი
თავის დროზე, ალბათ შენც “დაარქვი” სახელი ტელეფონს Wi-Fi-ისთვის, ბლუთუზისთვის ან შეიძლება ორივესთვისაც - ან, იქნებ, საერთოდაც ავტომატურად გენერირდა სახელი სისტემის გადმოწერისას.
რაც უნდა იყოს, ეს მაინც ნიშნავს, რომ შენი სახელის ნახვა შეუძლიათ როგორც ინტერნეტის პროვაიდერს, ისე შენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც, თუ, რა თქმა უნდა, ბლუთუზი ჩართული გაქვს.
კაფეში, რესტორანში ან აეროპორტში რომ შედიხარ, სახელს არ აცხადებ ხოლმე, ხომ? ჰოდა, არც შენი ტელეფონი უნდა აკეთებდეს ამას.
შეგიძლია, საკუთარი მოწყობილობის სახელი ისე შეცვალო, რომ შენი იდენტიფიკაცია ნაკლებად მარტივი იყოს, თუმცა მაინც უსვამდეს შენს უნიკალურობას ხაზს. გასწავლი, როგორ:
Android:
- როგორ შევცვალოთ Wi-Fi-ის სახელი:
- პარამეტრები →
- Wi-Fi →
- მენიუ → -მეტი ფუნქცია →
- Wi-Fi Direct →
- შეცვალე მოწყობილობის სახელი როგორ შევცვალოთ ბლუთუზის სახელი:
- პარამეტრები →
- ბლუთუზი →
- ჩართე ბლუთუზი, თუ გამორთულია →
- მენიუ →
- შეუცვალე მოწყობილობას სახელი →
- გამორთე ბლუთუზი
iPhone:
- როგორ შევცვალოთ სმარტფონის სახელი:
- პარამეტრები →
- ზოგადი →
- ჩემ შესახებ →
- შეცვალე სახელი
ინსპირაცია ხომ არ გჭირდება? შეგიძლია, შენი საყვარელი პერსონაჟის სახელი დაარქვა, ანდაც - ფრაზა, მაგალითად "სეზამ, გაიღე".
გჭირდება რჩევები შენი სმარტფონის უკეთ დასაცავად? გაიგე მეტი!
2. წაშალე შენი ადგილმდებარეობის ჩანაწერები
რომც მოგეჩვენოს, რომ შენი ადგილმდებარეობა დიდი არაფერი ინფორმაციაა, ეს მონაცემები რომ ერთად იკრიბება, შენ შესახებ ბევრი მნიშვნელოვანი დეტალის გარკვევა ხდება შესაძლებელი: მაგალითად, სად ცხოვრობ, სად მუშაობ და სად გიყვარს ხოლმე მეგობრებთან ერთად გართობა. სწორედ ამიტომ ცდილობენ ხოლმე კომპანიები და მონაცემთა ბროკერები ლოკაციის ჩანაწერების მოპოვებას.
რა თქმა უნდა, რუკის აპლიკაციებს რომ ჰქონდეს წვდომა შენს ადგილმდებარეობაზე, ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა გაგიკვირდება, თუ რამდენ აპლიკაციას დართე შენი ადგილმდებარეობის კონტროლის ნებართვა.
გირჩევ, თითოეული გადმოწერილი აპლიკაციის წვდომის პარამეტრები შეამოწმო და ადგილმდებარეობის სერვისი გამორთო. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილე იმ აპლიკაციებზე, რომლებსაც სულ არ სჭირდება ლოკაციის პარამეტრები გამართულად ფუნქციონირებისთვის (აი, იმ თამაშს დიდს არაფერს შემატებს ცოდნა, თუ სად ხარ) და იმ აპლიკაციებზეც, რომლებსაც შენ თვითონვე არ გსურს, რომ წვდომა ჰქონდეს ამ სერვისზე:
Android:
- პარამეტრები →
- აპლიკაციების მართვა →
- ლოკაციაზე წვდომის კონტროლი აპლიკაციებში
iPhone:
- პარამეტრები →
- უსაფრთხოება →
- ლოკაციის სერვისები →
- ლოკაციაზე წვდომის კონტროლი აპლიკაციებში
ან შეგიძლია შენი ადგილმდებარეობა საერთოდ გამორთო, როცა აქტიურად არ იყენებ. გარდა ამისა, ტელეფონის აღარ დაგიჯდება ისე სწრაფად - ბონუსი! შეგიძლია, ისევ ჩართო, როცა, მაგალითად, რუკის ან ამინდის აპლიკაციების გამოყენება გინდა.
Android:
- პარამეტრები →
- უსაფრთხოება & ადგილმდებარეობა / ადგილმდებარეობა →
- გამორთე ადგილმდებარეობა
iPhone: პარამეტრები → უსაფრთხოება → ადგილმდებარეობის სერვისები → გამორთე
გაეცანი რჩევებს, თუ როგორ უნდა გამორთო ადგილმდებარეობის ნებართვა გუგლის აპლიკაციებში: “თავი დააღწიე გუგლის პარამეტრებს”.
3. “გაასუფთავე” შენი აპლიკაციები
სოციალური მედიის აპლიკაციებს, თამაშებსა და ამინდის აპლიკაციებს ძალიან აინტერესებთ მონაცემები შენ შესახებ… და შეიძლება, საკმარისზე მეტს აგროვებდნენ კიდეც.
იმ აპლიკაციების წაშლა, რომლებსაც არ იყენებ, ციფრული დეტოქსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
თანაც, სმარტფონის გასუფთავებით, ჯერ ერთი, ძვირფას გიგაბაიტებს დაზოგავ, მეორე - ნაკლები ინტერნეტის გამოყენება დაგჭირდება, დაბოლოს, ტელეფონიც აღარ დაგიჯდება ისე სწრაფად.
Android:
- პარამეტრები →
- აპლიკაციები →
- მონიშნე აპლიკაცია, რომლის წაშლაც გინდა →
- წაშლა
iPhone:
- დიდხანს დააჭირე რომელიმე აპლიკაციას, სანამ მენიუ გამოჩნდება
- წაშალე აპლიკაცია სიიდან
- დაადასტურე აპლიკაციის წაშლა
თუ რომელიმე აპლიკაციაში სერვისი გაქვს შეძენილი, ჯერ დარწმუნდი, რომ სამომავლო გადახდები გამორთული გაქვს. თუმცა ყოველ სერვისს განსხვავებული პირობები აქვს, ამიტომ მათი ხშირად დასმული შეკითხვების გვერდი შეამოწმე ან მომხმარებელთა მხარდაჭერის სერვისს დაუკავშირდი.
აპლიკაციების გასუფთავება მნიშვნელოვანი ნაბიჯია შენი პირადი მონაცემების გასაკონტროლებლად, რაც შეზღუდავს ინფორმაციას, რაც კომპანიებმა იციან შენ შესახებ. ბევრ აპლიკაციას ალტერნატივა აქვს, რომელიც იმავე ფუნქციებს ასრულებს, თუმცა მომხმარებლების მონაცემებს არ აგროვებს და ყიდის.
რეკომენდაციებს შეგიძლიათ ამ ბმულზე გაეცნოთ.
თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტე, რომელი სერვისების ჩანაცვლებით დაიწყო, ერთი-ორი ხელსაწყოთი დაიწყე. მაგალითად, შენს საძიებო სისტემას შეხედე: შეგიძლია, Firefox-ით, Chromium-ით ან უფრო დაცული სისტემით ჩაანაცვლო?
გინდა, გაიგო, თუ როგორ უნდა გააუმჯობესო შენი აპლიკაციები? სცადე “აპლიკაციების გასუფთავება”!
4. ვებ აქტივობის კონტროლი
შენი სმარტფონის ბრაუზერი დიდი რაოდენობის ინფორმაციას ინახავს შენ შესახებ: ადგილმდებარეობა, რას ეძებ ინტერნეტში, რომელ ვებგვერდებს იყენებ - და შეიძლება, ეს ცოდნა მესამე მხარესაც მიაწოდოს.
თუმცა რამდენიმე დეტალის ცვლილებით შეგიძლია, ამ ინფორმაციაზე კონტროლი კვლავ მოიპოვო.
ტელეფონებში, ტაბლეტებსა და კომპიუტერებში ხშირად ინახება წინასწარ გადმოწერილი ბრაუზერები, რომლებისთვისაც პრიორიტეტული სულაც არაა შენი უსაფრთხოება. მათ ნაცვლად, გირჩევ, გადმოწერო და გამოიყენო ბრაუზერი, რომელიც სპეციალურადაა დაპროგრამებული შენი ვებ აქტივობის დასაცავად ციფრული ტრეკერებისგან.
და კიდევ, შეგიძლია ბრაუზერის დამატებებიც გადმოწერო (ბრაუზერებში მარტივად დასაყენებელი მინიპროგრამები, რომლებიც შენს ონლაინ აქტივობას უფრო დაცულს ხდის).
ჯაშუშური რეკლამები და უხილავი ტრეკერები რომ დაბლოკო, გადმოწერე uBlock Origin (თავსებადია შემდეგ ბრაუზერებთან: Chrome, Safari და Firefox) ან Privacy Badger (თავსებადია შემდეგ ბრაუზერებთან: Chrome, Safari და Firefox).
იმაში დასარწმუნებლად, რომ ვებგვერდებთან შენი კავშირი დაცულია, გადმოწერე HTTPS: ბრაუზერის დამატება, რომელიც ვებგვერდებთან კომუნიკაციის დაცულობას უზრუნველყოფს კოდების დაშიფვრით. თუ ბრაუზერად Safari-ს იყენებ, მაგრამ მაინც გსურს ამ სერვისის გააქტიურება, შეგიძლია შენს მთავარ საძიებო სისტემად აირჩიო DuckDuckGo ან ნებისმიერი მსგავსი პროგრამა, რომელიც არ არის Google-ის პროდუქტი. ამ შემთხვევაში შენი კავშირი ავტომატურად გაიშიფრება და დაგიცავს.
FFirefox მომხმარებლებს ბევრ მეთოდს სთავაზობს, რათა მათი საძიებო სისტემა უფრო დაცული გახდეს. გაეცანი სერვისებს ვებგვერდზე addons.mozilla.org, რათა მეტი გაიგო მათი პროგრამების შესახებ. თუმცა საკმარისზე მეტი დამატება ან აპლიკაცია არ გადმოწერო. ჯერ ეცადე, მეტი გაიგო იმ დამატებების შესახებ, რომელთა გადმოწერასაც ფიქრობ და დარწმუნდი, რომ მათ ავტორებს ენდობი.
გინდა, უფრო დაცული იყოს შენი საძიებო სისტემა? გაეცანი მეტ რჩევას!
5. შენს სოციალური მედიის პოსტებს “ანთეგი” გაუკეთე
ერთერთი მეთოდი, რომლითაც ციფრულ სერვისებს პერსონალური მონაცემების შეგროვებაში ეხმარები, ფოტოებსა და პოსტებში მეგობრების მონიშვნაა.
შეგიძლია, გასაჯაროებული ინფორმაცია დაიბრუნო (და ამასთანავე სინდისიც შეიმსუბუქო), თუ შენს პოსტებში მეგობრების მონიშვნებს გააუქმებ.
ხმა გაავრცელე! შენს მეგობრებს, ოჯახსა და თანამშრომლებსაც სთხოვე, რომ “გაქცეული” მონაცემების დაბრუნებაში შემოგიერთდნენ. თუ ერთიანი ძალებით ვიმუშავებთ, რომ ციფრული ჩანაწერები შევამციროთ, დეტოქსი უფრო გამარტივდება.
თუ ეს რჩევები გამოგადგა და თავს უფრო დაცულად გრძნობ, ბარემ გუგლის პარამეტრებისგან თავის დაღწევა და სოციალური მედიის პროფილების განახლებაც სცადე. ან თუ გსურს, რომ ნაკლები დრო გაატარო ხოლმე ეკრანთან, გაეცანი სტატიას: სასარგებლო რჩევები სმარტფონის ჭკვიანურად გამოყენებისთვის.