6 რჩევა, რათა მისინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცე
გადმოიწერე და დაბეჭდე მასალები. უკუკავშირის გასაზიარებლად ან აქტივობების ინსპირაციისთვის დაგვიკავშირდით, datadetox@tacticaltech.org!
აპლიკაციებს, ვებგვერდებსა და ონლაინ მედიას ახალი ამბების მისაღებად, ხრიკებისა და გართობისთვის ვიყენებთ ხოლმე. თუმცა რთულია, ყურადღება სხვა არასაჭირო რამეზე არ გადაიტანო, როცა რაღაცას ეძებ, ხელმისაწვდომი კონტენტის რაოდენობა კი დღითი დღე იზრდება.
ამასთანავე, ვიდეოში, სურათში ან სტატიაში ფაქტებსა და გამოგონილ ამბებს შორის განსხვავების შემჩნევა არაა ისეთი მარტივი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. რასაც ონლაინ გადააწყდები, ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს - დაწყებული ფსიქოლოგიური ქვიზებით, რომლებიც შენი პიროვნული თვისებების ამოცნობას ცდილობენ, დამთავრებული მანიპულაციური სათაურებით, სურათებითა და ვიდეოებით.
დიდი რაოდენობით ინფორმაციაზე წვდომა ერთდროულად კარგიცაა და ცუდიც. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ეს ინფორმაცია არასწორად დასათაურებული ან შეცდომაში შემყვანია, რაც სინამდვილის დანახვაში ხელს გიშლის. მხოლოდ მისინფორმაციაზე, "ფეიკ ნიუსზე" ან პოლიტიკურ რეკლამებზე არ ვსაუბრობთ... კამერის ფილტრებიც კი შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს, ცუდ ხელში თუ მოხვდა. თავდაცვის საუკეთესო მეთოდი კრიტიკული კითხვების დასმაა, რათა ისწავლო, თუ როგორ უნდა გაარჩიო ერთმანეთისგან უწყინარი პაროდია, მისინფორმაციული და დეზინფორმაციული ამბები და შეამჩნიო არასანდო წყაროები.
მონაცემთა დეტოქსის ეს ნაწილი დაგეხმარება, მისინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები გამოიკვლიო - როგორც მარტივი მასალები, ისე შედარებით კომპლექსური, რაც საერთო სურათის აღქმაში დაგეხმარება. ამ ყველაფერთან ერთად კი, რჩევებსაც მიიღებ, თუ როგორ შეგიძლია ეფექტიანად გაიკვლიო გზა ონლაინ სამყაროში.
მოდი, საქმეს შევუდგეთ!
1. ინფორმაციული ტალღების შექმნა შენც შეგიძლია
ონლაინ ინტერაქციის ყველაზე გავრცელებული ფორმები პოსტების მოწონება და გაზიარებაა - თითოეულ დაკლიკებას კი დიდი ბიძგების წარმოქმნა შეუძლია. როცა გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები განახორციელებენ ამ ინტერაქციებს, სურათი, ვიდეო თუ პოსტი ისე სწრაფად ვრცელდება, საბოლოოდ “ვირუსული” გახდება ხოლმე.
დაფიქრდი: “რა ზეგავლენა მაქვს ციფრულ სამყაროზე?” ბოლოს როდის გადააწყდი აღმაშფოთებელ ან სასაცილო სტატიას, სათაურს, ვიდეოსა თუ სურათს, რომელიც რამდენიმე წამში უკვე გაზიარებული გქონდა მეგობრებთან?
მკვლევრებმა დაადგინეს რომ ვირუსულობის ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე ამბები და სურათები ხშირად მომხმარებლებში შიშს, ზიზღს, სიბრაზესა და შფოთს აღძრავენ. თუ მსგავსი პოსტების გავლენის ქვეშ ხშირად ექცევი, არ იდარდო!
იცოდი? გაზიარებას "თოვლის გუნდის" ეფექტი აქვს. ერთმა ადამიანმა რომ 10 მეგობარს გაუზიაროს სტატია, შემდეგ კი თითოეულმა კიდევ 10 მეგობარს, გამოდის, რომ პოსტმა რამდენიმე წამში უკვე ასზე მეტ მომხმარებლამდე მიაღწია. შედეგად ინფორმაციის შესწორება ძალიან რთულდება.
გაზიარება ზრუნვაა
გაზიარება მონაწილეობის ერთერთი ფორმაა. როცა რამეს აზიარებ, ხელს უწყობ მის ვირუსულობასაც. თუ მცდარი ინფორმაცია აღმოჩნდება, გინდა, შენი სახელი და რეპუტაცია მასთან იყოს მიბმული? სანამ ბმულს გააზიარებ, ჯერ დაფიქრდი, მცდარი, მავნებელი ან ტოქსიკური არ იყოს.
2. დაფიქრდი, სანამ ფსიქოლოგიურ ქვიზებს შეავსებ
ხომ არ გახსენდება, ბოლოს როდის გადააწყდი ქვიზს (ტექსტურს ან ფილტრს) მსგავსი სათაურით:
- რომელი ათწლეული ხარ?
- რომელი ცხოველი ხარ?
- დისნეის რომელი პერსონაჟი ხარ?
- სად უნდა დაისვენო შემდეგ შვებულებაზე?
- … სია საკმაოდ გრძელია!
რა თქმა უნდა, ზოგი ქვიზი ნამდვილად იმისთვის იქმნება, რომ სახალისო აქტივობაში ჩაგითრიოს, თუმცა არსებობს შანსიც, რომ თითოეული კითხვა შენს ამოსაცნობად იყოს შექმნილი, ფსიქომეტრიულ პრინციპებზე დაყრდნობით. ყველაზე გავრცელებული ფსიქომეტრიული ტესტი შენს ფსიქოლოგიას 5 ნიშნის მიხედვით აფასებს: ღია, კეთილსინდისიერი, ექსტროვერტი, დამყოლი და ნევროტული (OCEAN) - რითაც ალგორითმის შენს ინტერესებზე მორგება მარტივდება.
იცოდი? მომხმარებლებზე მორგებული ალგორითმის შექმნის პროცესში ფსიქომეტრიული ტესტის გამოყენების გამო ფეისბუკსა და კემბრიჯ ანალიტიკას პრობლემები შეექმნათ.
“სიმპსონების რომელი პერსონაჟი ხარ?” - შენი პასუხები ამ ქვიზისთვის, აპლიკაციებსა და საძიებო სისტემებში გამოვლენილ ციფრულ უნარ-ჩვევებთან ერთად, მონაცემთა ანალიტიკოსებს ეხმარება, შენი ხასიათი და ინტერესები ამოიცნონ, რათა შენი მანიპულაციის უფრო ეფექტიანი გზა დასახონ, მაგალითად, ფეხსაცმლის მოსაყიდად… ან თუნდაც შენი პროფილი შექმნან და გადაწყვიტონ, თუ ზეგავლენის რომელი მეთოდები გიბიძგებს მომდევნო არჩევნებზე გარკვეული გადაწყვეტილებების მისაღებად.
ზოგი დეტალი საიდუმლოდ შეინახე
როცა პირად ინფორმაციაზე დაფიქრდები, პირველი, ალბათ, პაროლები, საიდენტიფიკაციო კოდები და საბანკო ანგარიშის ნომრები გაგახსენდება. თუმცა ასევე პირადულია სხვა დეტალებიც, მათ შორის, ის, თუ რა გაშინებს, რა გაღიზიანებს და რა ამბიციები გაქვს. მონაცემთა ანალიტიკოსები ამ წვრილმანებით ხვდებიან, თუ რა გიბიძგებს გარკვეული გადაწყვეტილებებისკენ. ამიტომაც, სანამ ასეთ ინფორმაციას კითხვარში ან ქვიზში გააზიარებ, ჯერ დაფიქრდი.
გაიგე, თუ როგორ შეგიძლია წინასაარჩევნო მონაცემთა დეტოქსის ჩატარება აქ.
3. არ წამოეგო ანკესს
- „სილამაზის საიდუმლოები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს (მეხუთე გაგაოცებს!)“
- "დაუჯერებელია! ყოველდღე ამას ჭამდა და ახლა..."
- "ადამიანი ზვიგენის წინააღმდეგ: შემდეგ რაც მოხდება, გაგაოცებს..."
ბოლოს როდის დააკლიკე სტატიაზე ან ვიდეოზე, რომლის სათაურიც ასე ჟღერდა? შეიძლება, კონტენტი საერთოდ აცდენილი იყო რეკლამასა და შენს მოლოდინებს. ან შეიძლება, სათაური ამაღელვებლად ჟღერდა, სტატია კი არაფრით გამოირჩეოდა. შემდეგ კი არც განცვიფრებული იყავი და არც - შოკირებული.
ეს იმიტომ, რომ ავტორმა ქლიქბეითით ანკესზე წამოგაგო.
ქლიქბეითი ნებისმიერი სენსაციური, თაღლითური ან გამოგონილი სათაურია, რომლის მიზანიც მომხმარებლების პროვოცირებაა, რათა ბმულზე დააკლიკოს. რაც უფრო მეტ გამოხმაურებას მოიპოვებს სტატია, ვიდეო ან სურათი, მით მეტი შემოსავლის გამომუშავებას შეძლებს ავტორიც. შესაბამისად, მანიპულაციური სათაურების შექმნის მოტივაცია საკმაოდ დიდია.
პლატფორმებზე გამოვლენილი ჩვევებით შენი, როგორც მომხმარებლის ციფრული პროფილი ყალიბდება, საბოლოოდ კი სოციალური მედიის კედელზე შენს ინტერესებსა და ემოციებზე მორგებული სათაურები აღმოჩნდება ხოლმე.
ქლიქბეითი და მისინფორმაცია ხშირად განუყოფელია, თუმცა ყოველთვის - არა. როცა ქლიქბეითების ამოცნობის უნარს გამოიმუშავებ, ყველგან შეამჩნევ - იუთუბზე, ბლოგებსა და ტაბლოიდებზე.
წყაროები გადაამოწმე
როცა ქლიქბეითს გადააწყდები, მხოლოდ სათაურის შეფასებით არ შემოიფაგლო. თუ ბმული უსაფრთხოა, სტატიას დააკლიკე და გადაამოწმე ავტორი, გამოქვეყნების თარიღი და გამოყენებული წყაროები. შეიძლება სტატიაში ნახსენებიც კი იყოს, რომ დასპონსორებული კონტენტი ან რეკლამაა, ან საერთოდაც - ავტორის მოსაზრება. ეს დეტალები დაგეხმარება, გაარკვიო, ღირს თუ არა, რომ შენი ენერგია დახარჯო ქლიქბეით კონტენტზე.
4. ყურადღება მიაქციე დიფფეიკებს
დიფფეიკი ვიდეო, აუდიო ჩანაწერი ან სურათია, რომელიც ციფრული პროგრამების გამოყენებითაა შექმნილი და ასახავს ადამიანების მანიპულაციურად შეცვლილ გარეგნობას, მოძრაობებსა და საუბარს. “დიფფეიკი” შედარებით ახალი ტერმინია, თუმცა პრინციპი უკვე დიდი ხანია არსებობს. უფრო მეტადაა გავრცელებული “იაფფასიანი ფეიკები”, რომლის შექმნასაც არ სჭირდება დახვეწილი ტექნოლოგია - მაგალითად, ფოტო ან ვიდეო მცდარი სათაურით და ძველი კონტენტი, რომელიც ახალ ამბებს ერთვის ილუსტრაციად.
2019 წელს, პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები ბრაზილიის ამაზონის ტყის ხანძრებს სოციალურ მედიაში გამოეხმაურნენ. მათ შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც, რომელმაც არა 2019 წლის, არამედ 1989 წლის ფოტოები გამოაქვეყნა.
რამ გამოიწვია ეს შეცდომა? სავარაუდოდ, პოსტის ავტორებმა მასალა არ გამოიკვლიეს სიღრმისეულად და ნაჩქარევად ატვირთეს ონლაინ. შემდეგ კი სურათები ვირუსულად გავრცელდა, სანამ შესწორებას შეძლებდნენ.
ერთი შეხედვით, შეუძლებელი ჩანს დიფფეიკებთან გამკლავება, თუმცა, ყურადღებას თუ არ მოადუნებ, აუცილებლად გამოგივა.
ყურადღება არ მოადუნო და გამოიკვლიე
გადაუმოწმებლად არც ერთ წყაროს არ ენდო - ზუსტად ისე, როგორც ქლიქბეითების ნაწილში ვახსენეთ. თუ რაიმე ვიდეო ან სურათი განსაკუთრებით აღმაშფოთებელი და მიუღებელი ჩანს, ამ ემოციას ყურადღება მიაქციე. ან თუ ერთსა და იმავე სურათს ბევრჯერ გადააწყდი სიახლეების ველში, ესეც საეჭვოა და უმჯობესია, თავდაპირველ წყაროს მიაგნო.
დასვი რამდენიმე კითხვა: ვინ გამოაქვეყნა (რომელმა ვებგვერდმა, ვინ იყო ავტორი)? როდის გამოქვეყნდა? თუ სურათია, სურათის რევერსული ძებნის სისტემა გამოიყენე, როგორიცაა TinEye (tineye.com), რათა წყაროს მიაგნო.
ინფორმაცია ახალი ამბების სანდო წყაროებითაც გადაამოწმე, სანამ გადაწყვეტ, რომ ნამდვილია და მეგობრებს ან ოჯახის წევრებს გაუზიარებ.
5. გამოიკვლიე სიმართლე ინტერნეტში
ტერმინი “ფეიკ ნიუსი” მოიაზრებს მცდარ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას, მათ შორის, სატირას, არასრულად გამოკვლეულ და გადაუმოწმებელ კონტენტს, სიცრუესა და თაღლითობას. ფეიკ ნიუსს ზოგჯერ ბოროტი განზრახვის გარეშე აზიარებენ ხოლმე, თუმცა, მიზეზის მიუხედავად, შედეგები ერთი და იგივეა: ადამიანები იჯერებენ, რომ მცდარი ინფორმაცია სწორია ან ისეთი რაღაც მოხდა, რაც სინამდვილეში არ მომხდარა.
საუკეთესო შემთხვევაში, ფეიკ ნიუსი შეიძლება სასაცილო მიმი იყოს, უარეს შემთხვევაში კი - ჯანმრთელობის დაცვასთან ან პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი.
თუნდაც ძალიან ეცადო, რომ კრიტიკული კითხვები დასვა და ინფორმაცია გამოიკვლიო, შეიძლება მაინც დაგრჩეს ეჭვები. თუმცა გახსოვდეს: მარტო არ ხარ!
იმოქმედე
ვებგვერდებმა პასუხისმგებლობა რომც არ აიღონ, არ ნიშნავს, რომ შეცდომებს არ უშვებენ. ყველაზე სანდო პუბლიკაციები სწორედ ისინია, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ სიმართლეს და ჰყავთ თანამშრომლები ან დეპარტამენტები, რომელთა საქმიანობის სფერო ფაქტების გადამოწმებაა.
მოძებნე წყაროები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ შეცდომების დაშვების შემდეგ. კიდევ უკეთესი, თუ სტატიის დასაწყისში შესწორების მოკლე შინაარსსაც წერენ და სოციალურ მედიაში ავრცელებენ, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფად მიაგნონ სწორ ინფორმაციას.
გამოიყენე ხელსაწყოები. PolitiFact და Snopes, და მათი გუნდები, რომლებიც მწერლებისა და ედიტორებისგან შედგება, მისინფორმაციას ჭორების გადამოწმებით ებრძვიან. პლაგ-ინები, როგორებიცაა NewsGuard, TrustedNews, და Official Media Bias Fact Check Icon ახალი ამბების საიტებს აფასებენ, შემდეგ კი ქულებს, შეფასებებსა და კვლევებს ონლაინ აქვეყნებენ. ამ რესურსების დახმარებით, შეძლებ, რომ შენ თვითონვე მიიღო გადაწყვეტილებები ინფორმაციის სანდოობის შესახებ.
შეგიძლია კვლევა საკუთარ თავზეც აიღო. Tactical Tech-ის The Kit-ის გამოყენებით, ინფორმაციის გადამოწმება გაგიმარტივდება.
6. დააღწიე თავი ფილტრის ბუშტს
როგორც კი ვებგვერდები და აპლიკაციები შენი ინტერესების პროფილს შექმნიან, ფილტრის ბუშტში აღმოჩნდები, ანუ შენს სიახლეების ველში მხოლოდ ისეთი შინაარსის პოსტები გამოჩნდება, როგორებსაც ხშირად აკლიკებ ხოლმე. რას ნიშნავს ეს ცვლილება შენთვის, როგორც მომხმარებლისთვის?
ალგორითმის შემჩნევა ყველაზე მარტივი იუთუბზეა - პლატფორმაზე, რომელიც რეკომენდაციების ველს მომხმარებლების მიერ ნანახი ვიდეოების ისტორიის მიხედვით ადგენს. თუმცა ნეტფლიქსი, სპოტიფაი, ინსტაგრამი, ტვიტერი, ფეისბუკი და ამაზონიც მსგავს ალგორითმს იყენებენ.
ფილტრის ბუშტში ყოფნა ნიშნავს, რომ ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავებულ სტატიებს, ახალი ამბების სათაურებსა და რეკლამებს ხედავენ, რაც მარტივად აღსაქმელია ინტერაქციულ სტატიაში “Blue Feed, Red Feed”.
შეიძლება, კარგადაც კი ჟღერდეს, რომ კონტენტი, რომელსაც ონლაინ სივრცეში აწყდები, შენს ინტერესებზეა მორგებული. თუმცა დაფიქრდი: თუ ალგორითმი შეამჩნევს, რომ იუთუბზე ძაღლების გაწვრთნის ვიდეო მოძებნე და შემდეგ მსგავს ვიდეოებს გაჩვენებს, მას შეუძლია დააფიქსიროს შენი მეზობლის ინტერესი კონსპირაციულ ვიდეოებშიც. უარეს შემთხვევაში, ფილტრის ბუშტები მეზობლებს, სოციუმებსა და ქვეყნებს შორის პოლარიზაციას აჩენენ.
გაიგე, ფილტრის ბუშტში ხარ თუ არა! მეგობართან ან ოჯახის წევრთან ერთად დაჯექი და შეადარე, ახალი ამბების ან სოციალური მედიის აპლიკაციების დასაწყისში რას დაინახავთ. შედეგებმა გაგაოცა? სხვადასხვა ბუშტში ხართ თუ ერთსა და იმავეში? ნებისმიერ შემთხვევაში, ურჩიე, რომ მონაცემთა დეტოქსის რჩევები მათაც შეასრულონ.
თუ იცი, რომ აპლიკაციებსა და ვებპლატფორმებზე ალგორითმულად გენერირებულ კონტენტს ხედავ, რომელიც სპეციალურად შენზეა მორგებული, კითხვა გაგიჩნდებოდა: როგორ შეგიძლია თავი დააღწიო შენს ფილტრის ბუშტს?
მიმართულება შეცვალე და ახალი წყაროები მოიძიე
ფილტრის ბუშტისგან თავის დაღწევის ერთი-ერთი კარგი საშუალება სერვისების გამოწერაა, რომლებიც ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან და პერსპექტივიდან აგროვებენ, შემდეგ კი შეჯამებას აქვეყნებენ. RSS ფიდი და ფორუმები დიდი რაოდენობის მოსაზრებებსა და საკითხებს აგროვებენ, რაც შენი ბუშტის მიღმა არსებული ინფორმაციის აღქმაში დაგეხმარება. ამისთვის კარგი წყაროებია: Global Voices და The Syllabus.
თუ ეს წყაროები სასარგებლო აღმოჩნდა შენთვის, ესტუმრე პროექტის საიტს: Escape the Defaults to Enhance Your Digital Wellbeing მონაცემთა დეტოქსის მეტი რჩევებისთვის!
პროექტის პარტნიორები:
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ