შეცვალე პარამეტრები

რათა დაიცვა შენი მონაცემები

გადმოიწერე და დაბეჭდე მასალები. უკუკავშირის გასაზიარებლად ან აქტივობების ინსპირაციისთვის დაგვიკავშირდით, datadetox@tacticaltech.org!

ინტერნეტი რომ მხოლოდ სივრცე იყოს დინოზავრის კოსტუმში გამოწყობილი ძაღლების ფოტოების გასაზიარებლად, პაროლი სულ არ დაგჭირდებოდა.

თუმცა ონლაინ იხდი გადასახადებს, აახლებ ექიმის რეცეპტებს და არჩევნებზე რეგისტრირდები.

ჰოდა, რომ დაფიქრდე, იმდენ “ვირტუალურ ძვირფასეულობას” ინახავ ინტერნეტსა და მოწყობილობებში, ბარემ ეს ინფორმაციაც ისე დაიცავი, როგორც საფულესა და გასაღებებს იცავ.

შენი ვირტუალური ძვირფასეულობების დაცვის ერთი მარტივი ხრიკი პაროლების გაუმჯობესებაა. შენს ანგარიშებში შეღწევას არ სჭირდება ბევრი ტექნიკური უნარი - ვარაუდით გამოცნობა ან ავტომატური პროგრამაც საკმარისია.

ერთ ანგარიშს რომ ჩაიგდებენ ხელში, მერე იმავე პაროლს სხვა ქსელებშიც ცდიან, საბოლოოდ კი შენ შესახებ ინფორმაციას შეაგროვებენ, ანგარიშებს წაგართმევენ ან შენი ციფრული იდენტობის განსახიერებას დაიწყებენ.

მონაცემთა დეტოქსი პრაქტიკულ გზებს გასწავლის, თუ როგორ შეგიძლია შენი ონლაინ უსაფრთხოების გაუმჯობესება.

მოდი, საქმეს შევუდგეთ!


1. შენი ციფრული კარი ორმაგად ჩარაზე

ეკრანის დაბლოკვა: პაროლით, ფიგურით, თითის თუ სახის ანაბეჭდით, შენი მოწყობილობის დაცვის რამდენიმე საუკეთესო ვარიანტია. თუმცა ასეთი მეთოდი ბევრი არსებობს და შეიძლება, ცოტა გაგიჭირდეს კიდეც შენთვის ყველაზე ხელსაყრელის ამორჩევა.

ტელეფონის, ტაბლეტისა და კომპიუტერის დაბლოკვა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მუდმივად გახსნილს რომ ტოვებდე. და ზუსტად ისე, როგორც ბევრი ტიპის კარის საკეტი არსებობს, ეკრანის დაბლოკვის ზოგიერთი ვარიანტი დანარჩენებზე უკეთესია.

განსაკუთრებით დაცულია გრძელი, უნიკალური პაროლები ანუ ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაცია.

წარმოიდგინე, ეკრანზე თითის გასრიალებით რომ ხსნიდე ტელეფონს. პაროლი რომ გაიაქტიურო, ამით უკვე ერთი ნაბიჯით წინ იქნები დაცულობის საკითხში. ან ფიგურას იყენებ? იქნებ, ეგ ნიმუში გაართულო? შენი პინ კოდი 1234-ია? გირჩევ, კამათელი შვიდჯერ გააგორო და რა ციფრებიც დაგიჯდება, ეგ იყოს შენი ახალი პინი.

ასეთ პატარა ცვლილებებს დიდი შედეგების მოტანა შეუძლია, თუ შენს მოწყობილობაზე კონტროლის მოპოვება გსურს.

თუ გსურს, რომ მეტი გაიგო ეკრანის დაბლოკვის შესახებ, გაეცანი სტატიას: გაამაგრე შენი ციფრული კარი.


2. სწორი პაროლი შეარჩიე

“მაგარი” პაროლის შექმნა მარტივია, თუ რამდენიმე პრინციპს გაითვალისწინებ.

შენი პაროლი უნდა იყოს:

  • გრძელი: პაროლი მინიმუმ რვა ნიშნისგან უნდა შედგებოდეს. 16-20 - კიდევ უკეთესი.
  • უნიკალური: თითოეული ვებგვერდისთვის განსხვავებული პაროლი მოიფიქრე.
  • შემთხვევითი: პაროლი ლოგიკური და მარტივად გამოსაცნობი არ უნდა იყოს. ამაში პაროლ-მენეჯერები დაგეხმარება.

უძლიერესი პაროლი ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაციითაა აგებული. ამ დროში გამოცდილ რჩევას ისევ ვერაფერი ჯობნის რთულად გამოსაცნობი პაროლების შექმნაში. ზოგიერთი სისტემა, სამწუხაროდ, არ გაძლევს სიმბოლოების გამოყენების უფლებას (მაგალითად: @#$%-=+), თუმცა ასოებისა და ციფრების კომბინაცია ხომ მაინც სჯობს მოკლე პაროლს?

იდეალურ შემთხვევაში, შეგიძლია გამოიყენო პაროლების მენეჯერი, რომელიც თვითონვე ქმნის და ინახავს შენს კოდებს. სისტემები, მათ შორის 1Password და KeePassXC, რომლებსაც უსაფრთხოების ექსპერტები გვირჩევენ, აპლიკაციებია დანიშნულებით, რომ შენი პირადი ინფორმაცია და სხვა მონაცემები დაიცვან.

თუ გინდა, მეტი გაიგო პაროლების შექმნისა და პაროლ-მენეჯერების გამოყენების შესახებ, ესტუმრე გვერდს: "სწორი პაროლი შეარჩიე: ძლიერი პაროლის შექმნის წესები".


3. გამოიყენე ორი გასაღები

თუ ორმაგი ავთენტიკაცია (2FA) ან რამდენიმეეტაპიანი ავთენტიკაცია (MFA) გაქვს გააქტიურებული, თუნდაც ვინმემ გამოიცნოს შენი პაროლი, მაინც ვერ შეაღწევს შენს მოწყობილობაში ან პროფილზე, თუ ამ დამატებით ფაქტორზე არ აქვს წვდომა.

კიდევ ერთხელ გადაათვალიერე შენ მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ვებგვერდებისა და აპლიკაციების უსაფრთხოების პარამეტრები, რომ ორმაგი ავთენტიკაცია შენც გაიაქტიურო. გირჩევ, ყველაზე მნიშვნელოვანი სერვისებით დაიწყო - მაგალითად, ფინანსური აპლიკაციები ან ელფოსტა, რომელიც სხვა ანგარიშებთან გაქვს დაკავშირებული.

Google:

  • გახსენი myaccount.google.com →
  • უსაფრთხოება
  • ორმაგი ვერიფიკაცია
  • დაიწყე

 

Facebook:

  • Hamburger მენიუ →
  • პარამეტრები
  • უსაფრთხოება და სისტემაში შესვლა
  • გამოიყენე ორმაგი ავთენტიკაცია

რჩევა: ვერიფიკაციის კიდევ ერთი ეტაპის დამატების შემდეგ, შენი ვინაობის დამტკიცების ალტერნატიული მეთოდი დაგჭირდება. დაცულობის მიხედვით დალაგებული მეთოდები ასე გამოიყურება (ყველაზე უსაფრთხოდან ნაკლებად უსაფრთხოსკენ):

  • ფიზიკური გასაღები (ან 'U2F' მოწყობილობა)
  • ერთჯერადი კოდი ავთენტიკაციის აპლიკაციის გამოყენებით
  • ერთჯერადი კოდი ელ-ფოსტაზე
  • ერთჯერადი კოდი შეტყობინებით. (ბოლო მეთოდი ყველაზე ნაკლებად დაცულია, თუმცა მაინც ორმაგი ავთენტიკაცია ჯობია დაუცველ ანგარიშებს.)

ანგარიშების დაცვის შესახებ მეტის გასაგებად, ესტუმრე სტატიას "გამოიყენე ორი გასაღები: დაიცავი შენი ანგარიშები".


4. დაიცავი შენი ვირტუალური ძვირფასეულობა

ზუსტად ისე, როგორც შენს ძვირფასეულობებს უვლი ხოლმე სახლში, ყურადღება უნდა მიაქციო იმ ინფორმაციასაც, რომელსაც ვირტუალურ სამყაროში ათავსებ - ფინანსური ჩანაწერები იქნება, პასპორტის დასკანერებული ვერსია თუ მისამართი ან ტელეფონის ნომერი, მაინც საჭიროა, რომ დაფიქრდე, სად ინახება ეს მონაცემები და როგორ შეგიძლია მათი დაცვა.

ლოკალური გასუფთავება პატარ-პატარა ცვლილებების განხორციელების სწრაფი საშუალებაა. დილის ყავის პარალელურად შეგიძლია, შენს მეილში სპეციფიკური ინფორმაცია მოძებნო და წაშალო: ID-ის დასკანერებული ვერსია, საბანკო დეტალები ან თუნდაც მონაცემები შენი დაზღვევის შესახებ. თუ ისეთი ინფორმაციაა, როგორიც მოგვიანებით კიდევ დაგჭირდება, გადმოიწერე და დაბეჭდე, სანამ ელფოსტიდან წაშლი.

სიღრმისეული გასუფთავება კი უფრო ეფექტიანია და კარგია, წელიწადში ერთხელ მაინც თუ განახორციელებ. შენი მეილისა და სოციალური ქსელების ინფორმაცია კომპიუტერში გადმოიწერე, შემდეგ კი ონლაინ სივრციდან დააარქივე ან წაშალე და ახალი კონტენტის გაზიარება “სუფთა ფურცლიდან” დაიწყე.

რჩევა: უბრალოდ წაშლა არაა საკმარისი — დაასუფთავე ნაგვის ყუთი და დროებითი ფაილებიც!

ბოლოს მაინც შენი გადასაწყვეტია, შენს არქივებს “ქლაუდზე” გადაიტან თუ გარე მეხსიერების ბარათებზე შეინახავ. რა მეთოდსაც უნდა მიმართო, დარწმუნდი, რომ მნიშვნელოვან ინფორმაციას არ დაკარგავ, ძლიერი პაროლით იცავ და შენთვის მოსახერხებელია.

ონლაინ გამოქვეყნებული ინფორმაციის დასაცავად, ესტუმრე სტატიას ვირტუალური ძვირფასეულობსი შესახებ: "დაიცავი, რასაც ონლაინ ინახავ".


5. გაუზიარე

ონლაინ სივრცეს “ქსელი” ტყუილად არ ჰქვია. სხვადასხვა გზით ყველა ერთმანეთს ვუკავშირდებით - არა მხოლოდ “მეგობრობის” სტატუსით სოციალურ მედიაში, არამედ ელფოსტის კონტაქტებითა და გაზიარებული ფოტოებითაც.

როცა შენს ანგარიშებს იცავ, უფრო ძლიერ პაროლებს იაქტიურებ და მონაცემებს ასუფთავებ, მხოლოდ შენ არ სარგებლობ ამით - ოდნავ უფრო დაცული ხდებიან ის ადამიანებიც, რომლებთანაც რამით ხარ დაკავშირებული.

როცა შენს ელფოსტასა და სოციალური მედიის ანგარიშებს ასუფთავებ, შენი გარშემო მყოფებიც გაითვალისწინე - შენი დის საბანკო დეტალები, ოფისის გასაღების კოდი ან შვილის პასპორტი რომ არასწორ ხელში აღმოჩნდეს, ზედმეტი თავის ტკივილი გახდება.

გაუზიარე! ციფრული უსაფრთხოების გაზრდისთვის რამდენიმე ნაბიჯიც საკმარისია. მონაცემთა დეტოქსი გაუზიარე შენს მეგობრებს, ოჯახსა და თანამშრომლებს, რომ მათაც შეძლონ ჩვევების გაუმჯობესება.

თუ ეს რჩევები დაგეხმარა და ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობ, გაეცანი მომდევნო სტატიას: “იზრუნე შენი ახალი სმარტფონის დაცულობაზე”.

ბოლოს განახლდა: 5/16/2023